2022 წელს პოლიციელებმა ჩაიდინეს დანაშაული, აწამეს ადამიანები. ისინი მხოლოდ 2026 წელს დააკავეს. ანუ 4 წელი, ის შემზარავი დანაშაული, დიდი ალბათობით, მრავალჯერ განმეორდა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.
"უსუსური თავის მართლებაა. სისტემაში ჩადენილი დანაშაულის აზრი, შინაარსი, მასშტაბურობა და სიმწვავე არ იცვლება იმის მიხედვით, თუ რომელ წელს მოხდა ის.
2022 წელს პოლიციელებმა ჩაიდინეს დანაშაული, აწამეს ადამიანები. ისინი მხოლოდ 2026 წელს დააკავეს. ანუ 4 წელი, ის შემზარავი დანაშაული, დიდი ალბათობით, მრავალჯერ განმეორდა.
რატომ არ გასაჯაროვდა ეს კადრები ამ პოლიციელების დაკავების მომენტში 2026 წლის თებერვალში პროკურატურის მიერ? პოლიციელების გარდა, მათი მფარველები თუ დაისაჯნენ?
თუ მას შემდეგ ძალადობის კადრები არ გვინახავს ან პოლიციელი ცრუ მოწმეები? ან გომელაურს კობახიძე/მდინარაძე არ იცავდნენ 2022 წელს?" - წერს დეკანოიძე.
გუშინ TV პირველმა პოლიციის განყოფილებაში გადაღებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, პოლიციელები ხალხის წამების კადრებს საერთო ჩათში აგზავნიდნენ, ხოლო ვინც მათ ეს ჩათი გაუტეხა და სისტემის მხილებისთვის ფაილები გადმოწერა, დააკავეს. კადრების გავრცელებიდან მალევე განცხადება გაავრცელა შსს-მ, რომლის თანახმადაც ძალადობა 2022 წლის ზაფხულში აჭარის რეგიონში მოხდა, მასში მონაწილეობდნენ ქობულეთში მივლინებით მყოფი იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები. მათივე თქმით, დანაშაული 2026 წლის თებერვალში გამოვლინდა და აღნიშნული პირები 23 თებერვალს დააკავეს.